N A R R A T I V E SGEAutographs...
სტატია

ჩრდილში დარჩენილი ძალადობა — სამსახურში შევიწროების უხილავი ფორმები

სტატიაში გამოყენებული ისტორია ანონიმურია. შეცვლილია დეტალები და ინიციალები რესპონდენტის უსაფრთხოების დაცვის მიზნით.


სამსახურში შევიწროება ხშირად იწყება უხილავად — ზედმეტი ყურადღებით, პირადი ინტერესით, „მეგობრული“ დამოკიდებულებით, რომელიც დროთა განმავლობაში კონტროლსა და ზეწოლაში გადადის. განსაკუთრებით რთულია სიტუაცია მაშინ, როდესაც ძალაუფლება ხელმძღვანელის ხელშია, ხოლო თანამშრომელი საკუთარ სამსახურზეა დამოკიდებული.

ერთ-ერთი ასეთი ისტორია ახალგაზრდა ქალს, რომელსაც პირობითად „ნ.ს."-ს ვუწოდებთ, უკავშირდება.

მისი თქმით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელმა მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამოხატვა დაიწყო. თავდაპირველად ეს ყურადღება პროფესიულ მხარდაჭერას ჰგავდა — ხშირი კომუნიკაცია, პირადი შეტყობინებები, ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულება. თუმცა დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა.

ნ.ს. იხსენებს, რომ ხელმძღვანელი ცდილობდა მასთან პირადი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და პროფესიულ სივრცეს სულ უფრო ხშირად კვეთდა პირადი ინტერესებით. უარისა და დისტანციის მიუხედავად, ზეწოლა არ შეწყვეტილა.

საბოლოოდ, როდესაც თანამშრომელმა სამსახურის დატოვება გადაწყვიტა, სიტუაცია უფრო მძიმე გახდა. მისი თქმით, ხელმძღვანელმა პირდაპირ უთხრა, რომ მისი „ნებართვის გარეშე“ ვერ წავიდოდა და გადაწყვეტილებას თავად მიიღებდა — როგორ გაგრძელდებოდა მისი კარიერა და ცხოვრება.

ისტორიის ყველაზე მძიმე ნაწილი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

ნ.ს. - მ დაიწყო მტკიცებულებების შეგროვება — მიმოწერები, ხმოვანი შეტყობინებები, მუქარის შემცველი ტექსტები. თუმცა, როგორც თავად ამბობს, გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მასალების ნაწილი სოციალური ქსელებიდან გაქრა. მისი ვარაუდით, ხელმძღვანელმა, რომელსაც წარსულში სამართალდამცავ სტრუქტურებთან ჰქონდა კავშირი, ტექნიკური დახმარების საშუალებით მოახერხა გარკვეული ინფორმაციის წაშლა.

რესპონდენტის თქმით, მუქარები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც მან ურთიერთობაზე უარი თქვა. ერთ-ერთ შეტყობინებაში, მისი მონათხრობით, ხელმძღვანელი ემუქრებოდა, რომ თუ სამსახურს დატოვებდა და მასთან ურთიერთობას არ დათანხმდებოდა, „ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევდა“.

ეს შემთხვევა ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გადაიკვეთოს ძალაუფლება, ფსიქოლოგიური ზეწოლა და გენდერული შევიწროება სამუშაო გარემოში.

რატომ არის ასეთი ისტორიები რთულად დასამტკიცებელი?

სამსახურში შევიწროების მსხვერპლი ხშირად მარტო რჩება სისტემის წინაშე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სავარაუდო მოძალადე გავლენიანი ან ძალაუფლების მქონე პირია. ასეთ დროს ადამიანები შიშობენ, რომ:

მათ არ დაუჯერებენ;

დაკარგავენ სამსახურს;

პროფესიულ რეპუტაციას დაუზიანებენ;

მტკიცებულებები გაქრება;

ზეწოლა გაგრძელდება.

სწორედ ამიტომ, ბევრი შემთხვევა საჯაროდ არასოდეს ხდება ცნობილი.

პრობლემა, რომელიც სისტემურ რეაგირებას საჭიროებს


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სამუშაო სივრცეში ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განხილული პრობლემაა. ორგანიზაციებში ხშირად არ არსებობს დამოუკიდებელი მექანიზმები, რომლებიც თანამშრომელს უსაფრთხოდ საუბრის შესაძლებლობას მისცემს.

სამართლებრივი დაცვის გარდა, მნიშვნელოვანია კომპანიების პასუხისმგებლობაც — შექმნან გარემო, სადაც ხელმძღვანელის სტატუსი ვერ გახდება ზეწოლის ინსტრუმენტი.


სამსახურში შევიწროება მხოლოდ პირადი ტრაგედია არ არის. ეს არის ძალაუფლების არასწორი გამოყენების ფორმა, რომელიც ადამიანის თავისუფლებას, ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და პროფესიულ მომავალს აზიანებს.

ანონიმური ისტორიები გვახსენებს, რომ ხშირად ყველაზე მძიმე ძალადობა სწორედ იქ ხდება, სადაც ადამიანი თავს ყველაზე დაცულად უნდა გრძნობდეს — საკუთარ სამუშაო სივრცეში.

პ.ს.შენ არ ხარ მარტო!