ბრძოლა ლეიკემიასთან - „ჩემი შვილისთვის უნდა მეცოცხლა,“ — ამბობს ვეკო ბუჩუკური ჩვენს კორესპონდენტთან საუბრისას

დიაგნოზი — მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია B2.საქართველოში დაწყებული მკურნალობის შემდეგ, დაავადების რეციდივმა ვეკოს საფრანგეთში წასვლა აიძულა, სადაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია გაიარა. რთული გზის მიუხედავად, მან შეძლო არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაბრუნება, არამედ ახალი ცხოვრების თავიდან დაწყებაც.
,,საფრანგეთი ჩემი მეორე სამშობლოა" - ამბობს მსახიობი ვეკო ბუჩუკური Narratives.ge-ს კორესპონდენტთან საუბრისას. ურთულესი დიაგნოზისა და ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად, ყველაზე დიდი ძალა შვილმა მისცა და სწორედ მისთვის გადაწყვიტა სიცოცხლისთვის ბოლომდე ებრძოლა.
წლების წინ, როდესაც მძიმე დიაგნოზის შესახებ საზოგადოებამ გაიგო, თქვენ მიმართ უდიდესი მხარდაჭერა გამოხატა საქართველომ — ვეკოს დასახმარებლად გაერთიანდნენ მსახიობები, მეგობრები და სრულიად უცნობი ადამიანებიც. სწორედ ამ რთულ პერიოდში, მკურნალობის გასაგრძელებლად, ემიგრაციაში წასვლაც მოგიწიათ. როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი დღეს?
ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, თუმცა სწორედ მაშინ დავინახე, რამდენად დიდი ძალა აქვს ადამიანების სიყვარულსა და მხარდაჭერას. მათი თანადგომა ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და ძალა იყო.საქართველოში მკურნალობა დავიწყე, ორი წელი რემისიაში ვიყავი, თუმცა შემდეგ 2018 წელს დაავადება რეციდივით დაბრუნდა და უკვე აუცილებელი გახდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. სწორედ ამიტომ მომიწია საფრანგეთში წამოსვლა — ეს იყო გადაწყვეტილება სიცოცხლისთვის - მინდოდა სიცოცხლე შემენარჩუნებინა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ჩემი შვილისთვისაც, რომელსაც დედა სჭირდებოდა.
როგორ შეძელით ყველაზე რთულ პერიოდთან გამკლავება?
ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო. როდესაც ასეთ დიაგნოზს იგებ, ფაქტობრივად მთელი შენი ცხოვრება ერთ წამში იცვლება. ძალიან რთულია ამის მიღება, მით უმეტეს მაშინ, როცა პატარა შვილი გყავს და ყველაზე მეტად მასზე ფიქრობ.
იყო მომენტები, როცა ფიზიკურადაც და ემოციურადაც ძალიან ცუდად ვიყავი. რეაბილიტაციის პერიოდი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ოპერაციის შემდეგ 4 წელი დამჭირდა, რომ ძველი ცხოვრება დამებრუნებინა. ფაქტობრივად, თავიდან დავიბადე.სულ ვფიქრობდი, რომ ჩემს ბიჭს, სანდროს ვჭირდებოდი და უნდა მებრძოლა. ზუსტად ეს მაძლევდა მოტივაციას, არ დავნებებულიყავი ყველაზე რთულ დღეებშიც კი.

ყველაზე რთულ პერიოდში თქვენთან ერთად უკვე თქვენი პატარა შვილიც იყო... როგორი იყო უცხო ქვეყანაში ცხოვრების თავიდან დაწყება შვილთან ერთად?
ოპერაციიდან შვიდი თვის შემდეგ ჩემთან ჩამოვიდა ჩემი შვილი, სანდრო, რომელიც მაშინ ძალიან პატარა იყო. იმ პერიოდში ჯერ კიდევ ძალიან ცუდად ვიყავი და რეაბილიტაციის პროცესს გავდიოდი.
ფაქტობრივად, რთულ მდგომარეობაში მომიწია უცხო ქვეყანაში დედობის გაგრძელება და ცხოვრების თავიდან დაწყება. ძალიან რთული იყო, რადგან არ მყავდა აქ ოჯახი, ახლობლები, მეგობრები, არ ვიცოდი კარგად ენა და ყველაფერს მარტო ვუმკლავდებოდი.
მაგრამ სწორედ სანდრო იყო ჩემი ყველაზე დიდი ძალა და მოტივაცია. როცა იცი, რომ შენს შვილს სჭირდები, სხვანაირად იწყებ ბრძოლას. მიუხედავად სირთულეებისა, ვიცოდი, რომ არ მქონდა დანებების უფლება.
დღეს როცა იმ პერიოდს ვიხსენებ, ვხვდები, რომ სწორედ იმ ბრძოლამ გამაძლიერა ყველაზე მეტად.
მიუხედავად იმისა, რომ სანდრო უკვე საფრანგეთში იზრდება, თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართული ენა და იდენტობა არ დაეკარგა...
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა არასდროს დაკარგოს საკუთარი ფესვები, ენა და ქართული იდენტობა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ვცხოვრობთ, სახლში ყოველთვის ქართულად ვსაუბრობთ.
სანდრომ იცის ქართული წერა და კითხვა. მე პირადად სულ ვამეცადინებ ქართულში და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, რომ ენა არ დაავიწყდეს.
ასევე ესწრება ქართული ენის გაკვეთილებს, რასაც საქართველოს სამინისტრო სთავაზობს ქართველ ემიგრანტ ბავშვებს, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთში გაზრდილ ბავშვებს საკუთარ ქვეყანასთან და კულტურასთან კავშირი არ დაეკარგოთ.
ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის — ემიგრანტებმა არასდროს უნდა დაკარგონ საკუთარი ენა, კულტურა და იდენტობა.
რატომ საფრანგეთი? იყო თუ არა ეს მხოლოდ სამედიცინო საჭიროება, თუ პირადი არჩევანიც თამაშობდა როლს?
საფრანგეთი ჩემთვის მხოლოდ სამედიცინო საჭიროებით არჩეული ქვეყანა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის შესაძლებლობა იყო, მაგრამ ამასთან ერთად ეს ქვეყანა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ახლობელი და საინტერესო იყო.
ბავშვობიდან მქონდა საფრანგეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული. დედა ხშირად მეუბნებოდა, რომ ძალიან უნდოდა ერთ დღეს საფრანგეთში მესწავლა და ეს იდეა თითქოს ბავშვობიდანვე ჩემში არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სურვილი და დამოკიდებულება წლების განმავლობაში თანდათან იზრდებოდა.
როდესაც დადგა რთული გადაწყვეტილების მიღების დრო, რატომღაც შინაგანად ძალიან მკაფიო იყო, რომ სწორედ აქ,საფრანგეთში უნდა გამეგრძელებინა ბრძოლა. მჯეროდა, რომ სადაც წავიდოდი, იქ უნდა მეპოვა ძალაც და შესაძლებლობაც სიცოცხლისთვის საბრძოლველად.დღესაც ვფიქრობ, რომ საფრანგეთი ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ქვეყანა არ არის — ეს არის ადგილი, სადაც თავიდან დავიწყე ცხოვრება და სადაც ყველაზე რთულ ბრძოლაში გავიმარჯვე.
ამბობთ, რომ სამყაროში რასაც „აგზავნი“, ის უკან გიბრუნდება... რას გულისხმობთ ამაში და როგორ გეხმარებათ ეს დამოკიდებულება ცხოვრებაში?
ეს უფრო ჩემი შინაგანი რწმენაა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება, ვიდრე რაიმე მკაცრად განსაზღვრული ფილოსოფია. მჯერა, რომ როცა ადამიანი გულწრფელად, სიყვარულით და იმედით ცხოვრობს, ეს ენერგია ერთგვარად ბრუნდება მის ცხოვრებაში.
ჩემს შემთხვევაში, ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც ბრძოლა მიწევდა ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის, მუდმივად ვცდილობდი, რომ არ დამეკარგა იმედი და შინაგანი რწმენა. ვფიქრობ, სწორედ ეს პოზიტიური განწყობა და ბრძოლა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც გადამარჩინა.
ჩემთვის ეს არის მარტივი პრინციპი — რასაც გასცემ, იმ ენერგიას, იმ დამოკიდებულებას და იმ სიყვარულს, საბოლოოდ უკანაც იღებ, სხვადასხვა ფორმით.
როგორია ემიგრაციაში ცხოვრების ყველაზე რთული მხარე თქვენთვის?
ემიგრაცია ძალიან რთული პროცესია, განსაკუთრებით ემოციურად. ინტეგრირება რთულია იქ, სადაც ადამიანი საკუთარ ოცნებებსა და სამშობლოს მონატრებას შორის ცხოვრობს. ერთ მხარეს არის შენი მიზნები და ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის, მეორე მხარეს კი — შენი ქვეყანა, ფესვები და ადამიანები, რომლებიც ძალიან გენატრება.
რეალურად, შენ შენი ოცნებებისთვის მიდიხარ, მაგრამ რაც არ უნდა ძლიერი იყო, შენი სამშობლო და ის გარემო, სადაც გაიზარდე, ყოველთვის ძალიან გენატრება. ეს განცდა ემიგრაციის განუყოფელი ნაწილია და ამას ვერ გაექცევი, უბრალოდ სწავლობ ამ აზრთან ერთად ცხოვრებას.
პროფესიით მსახიობი ხართ. როგორ მოახერხეთ საკუთარი თავის რეალიზება საფრანგეთში და რამდენად რთული იყო თავიდან დამკვიდრება უცხო ქვეყნის თეატრალურ სივრცეში?
დავამთავრე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.საქართველოში ვმუშაობდი თეატრშიც, კინოსა და სერიალებშიც, ამიტომ ეს პროფესია ჩემთვის ძალიან ორგანულია.
საფრანგეთში ჩამოსვლის შემდეგ თავიდან ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ყველაზე დიდი ბარიერი ენა იყო — ფრანგული საკმაოდ რთული და სპეციფიკური ენაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გინდა სცენაზე თავისუფლად გამოხატო თავი.
პირველი პერიოდი ძალიან ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით წავედი წინ. იყო ეტაპი, ვმონაწილეობდი, მქონდა სამი გადაღება და ერთი სპექტაკლი.რადგან ენის დონე ჯერ არ მაძლევდა საშუალებას, რომ სრულფასოვანი როლები მეთამაშა.
მაგრამ ნელ-ნელა დავიწყე საკუთარ თავზე ძალიან ინტენსიური მუშაობა — ენის სწავლა, კასტინგებზე გასვლა, სხვადასხვა კურსები და პრაქტიკა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო არ დამეკარგა ჩემი პროფესიული ნიჭი და გამომეხატა ის ახალ რეალობაში.
დღეს შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ვდგამ ნაბიჯებს პროფესიული რეალიზაციისკენ საფრანგეთშიც — მაქვს შესაძლებლობა, რომ ჩემი სამსახიობო გამოცდილება და ემოციური რესურსი აქაც გამოვხატო.
რა თქმა უნდა, ეს მარტივი გზა არ არის, მაგრამ როდესაც იცი, რატომ აკეთებ ამას და რა მიზანი გაქვს, ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს პოულობს.
ახლა უკვე გაქვთ სიახლეც — როგორც ამბობთ, ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლზე დაგამტკიცეს. მოგვიყევით ამ ეტაპზე რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური ეტაპია. ძალიან დიდი გზა გავიარე, რომ აქამდე მოვსულიყავი — ჯანმრთელობის ბრძოლით დაწყებული, ენის სწავლითა და სრულიად ახალ ქვეყანაში საკუთარი ადგილის პოვნით დამთავრებული.
ამ ეტაპზე კონკრეტული დეტალების ან პროექტის სახელის შესახებ საუბარი არ შემიძლია, რადგან გარკვეული პროფესიული წესები და შეთანხმებები არსებობს. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ და გადაღებები 4 ივნისს იწყება.
ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ ახალი სამსახიობო გამოცდილება — ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ერთგვარი დასტურიც იმისა, რომ შრომა, მოთმინება და საკუთარი თავის მიმართ რწმენა აუცილებლად იძლევა შედეგს.
რა თქმა უნდა, ეს უცხო ენაზე მუშაობასაც ნიშნავს, სხვა კულტურულ სივრცეში სრულად ჩაძირვას, რაც კიდევ უფრო რთულს და საინტერესოს ხდის პროცესს.
ამ ყველაფერს ძალიან დიდი სიფრთხილით ვუყურებ, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი სიხარულითაც ველოდები, რადგან ეს არის გზა, რომელიც წლების განმავლობაში ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარე.


სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიური ხართ და თქვენს გვერდებზე ხშირად საუბრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე. როგორ დაიწყო ეს მიმართულება და რას აძლევს ადამიანებს თქვენი კონტენტი?
დიახ, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვარ, განსაკუთრებით ინსტაგრამსა და ფეისბუქზე. თავიდან ეს ყველაფერი დაიწყო რეაბილიტაციის პერიოდიდან — როცა ჯანმრთელობის აღდგენა მიწევდა, ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის აუცილებელი ნაწილი გახდა.
ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჩემთვის არ იყო და შეიძლებოდა სხვებისთვისაც ყოფილიყო მოტივაცია. ამიტომ დავიწყე ამ გამოცდილების გაზიარება — ვარჯიში, სწორი ცხოვრების წესზე საუბარი, ფსიქოლოგიური მოტივაცია.
ჩემი მიზანი არის, რომ ადამიანებს მივცე ძალა, არ დანებდნენ, მიუხედავად სირთულეებისა. განსაკუთრებით ბევრ შეტყობინებას ვიღებ ქალებისგან, რაც ძალიან მახარებს, რადგან ვხედავ, რომ ეს კონტენტი მათთვის რეალური მხარდაჭერაა.
ჩემთვის სოციალური ქსელი გახდა არა უბრალოდ სივრცე, არამედ პლატფორმა, სადაც საკუთარი გამოცდილებით სხვებს ვეხმარები უკეთესი ცხოვრებისკენ ნაბიჯის გადადგმაში.
უკვე ახსენეთ თქვენი პროფესიული გზა და ახალი პროექტიც. კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე მინდა გკითხოთ — ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში მადლობა გადაუხადეთ საფრანგეთს. რას ნიშნავს თქვენთვის ეს მხარდაჭერა და როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება ამ ქვეყანამ?
დიახ, მქონდა ინტერვიუ BFM-ზე.ეს ჩემთვის ძალიან ემოციური თემაა. ხშირად ვამბობ და არასდროს მბეზრდება გამეორება — საფრანგეთმა მაჩუქა სიცოცხლე. ეს არ არის უბრალოდ ფრაზა, ეს არის ჩემი რეალური გამოცდილება.
ამ ქვეყანაში მივიღე ის სამედიცინო დახმარება და მხარდაჭერა, რომელმაც ფაქტობრივად ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. ძალიან რთული გზა გავიარე — ტრანსპლანტაცია, ხანგრძლივი რეაბილიტაცია, თავიდან ცხოვრების დაწყება უცხო გარემოში — და ამ ყველაფერში ყოველთვის ვგრძნობდი სისტემის, ექიმების და ადამიანების გვერდში დგომას.მადლობელი ვარ ამ ქვეყნის და საფრანგეთის მთავრობის.
სწორედ ამიტომ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუშიც გულწრფელად ვთქვი მადლობა. ეს იყო ჩემთვის შესაძლებლობა, საჯაროდ მეთქვა, რომ მადლიერი ვარ იმ ქვეყნის, რომელმაც მეორე შანსი მომცა.
რა თქმა უნდა, ემიგრაცია მარტივი არ არის — არის მონატრება, სირთულეები, ენის ბარიერი, მაგრამ როცა იცი, რატომ ხარ იქ და რა ბრძოლას გადიხარ, ამ ყველაფერს სხვანაირად უყურებ.
დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთი ჩემი მეორე სამშობლოა — ადგილი, სადაც ყველაზე მძიმე ბრძოლა გავიარე და სადაც თავიდან დავიწყე ცხოვრება.
რას ეტყოდით მომავალ თაობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ემიგრაციაზე ფიქრობს?
მომავალ თაობას ვეტყოდი, რომ წარმატება შესაძლებელია როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს მიზანი და არ შეუშინდეს სირთულეებს.
ჩემი გადმოსახედიდან, შრომა, განათლება და ადამიანობა არის ის სამი მთავარი ღირებულება, რაც ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იდგეს. სადაც არ უნდა იყო, ეს სამი რამ გაძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარი ადგილი იპოვო.