40 დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალებიდან

მეუფე შიო: „ილია II-ის ღვაწლი იყო საქართველოს სულიერი და ეროვნული აღორძინების გზა“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით სიონის ტაძარში გამართულ ქადაგებაში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა ღრმა სულიერი და ეროვნული მნიშვნელობის მოვლენად შეაფასა.
მისი თქმით, ილია II-ის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში ნათლად ჩანდა ქრისტიანული რწმენა — იგი თავად იყო მისი ცოცხალი მაგალითი. პატრიარქის ღვაწლი მიმართული იყო ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლისკენ, სულიერი აღორძინებისა და საზოგადოების გადარჩენისკენ.
მეუფე შიოს თქმით, პატრიარქის გარდაცვალებიდან გასული 40 დღე მხოლოდ გლოვის დრო არ ყოფილა — ეს იყო დაფიქრებისა და სულიერი გააზრების პერიოდიც. ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებამ ილია II-ის პიროვნება ახლებურად დაინახა და უკეთ გააცნობიერა როგორც საკუთარი თავი, ისე ხალხის სულიერი მდგომარეობა.
ქადაგებაში მან პარალელი გაავლო ბიბლიურ ტრადიციასთან და ილია II-ის ხსენებისას მოიხსენია წმინდა მამამთავარი იოსები და მოსე, როგორც ერის წინამძღოლები, რომლებიც ხალხს გზას უჩვენებდნენ.
„უფალმა გვანახა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელიც თავის სამწყსოს სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზას უჩვენებდა“, — აღნიშნა მეუფე შიომ.
მისივე თქმით, პატრიარქის პიროვნებაში, მის მსახურებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში ქრისტიანული სულიერი არსი მკაფიოდ იკვეთებოდა, რაც, მისივე შეფასებით, წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებსაც ეხმიანება: „მე აღარ ვცხოვრობ, არამედ ჩემში ცოცხლობს ქრისტე“.
მეუფე შიომ ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქის ღვაწლის ნაყოფი ჩანს საზოგადოების დამოკიდებულებაში — მისი საფლავის მიმართ მუდმივ ყურადღებასა და ხალხის სიყვარულში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართულობაში.
მისი თქმით, ილია II-ის ცხოვრება გამორჩეული იყო თავმდაბლობით, სიყვარულითა და ყველა ადამიანის მიმართ თანაბარი მზრუნველობით, განურჩევლად ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა.