N A R R A T I V E SGEAutographs...
სტატია

ნანუკა სტამბოლიშვილი — გზა ბათუმის სცენიდან თურქულ ტელესერიალებამდე

ნანუკა სტამბოლიშვილი თურქეთში მოღვაწე ქართველი მსახიობია, რომლის კარიერული გზა მრავალმხრივი განათლების, დისციპლინისა და მკაფიო ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის მსახიობის ამპლუაში წარმატებით მოღვაწეობს, მისი პროფესიული საწყისი ქორეოგრაფიასა და ცეკვას უკავშირდება.

ნანუკას აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი და ის ასევე პროფესიონალი მოცეკვავეა. იგი წლების განმავლობაში ცეკვავდა ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში ბათუმში, რასაც თავად თავის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გამართლებულ ეტაპად მიიჩნევს. მისი თქმით, სწორედ ამ ანსამბლმა ჩამოაყალიბა როგორც ძლიერი დისციპლინისა და შრომის მქონე არტისტი.

მისი გვარი სტამბოლიშვილი ხშირად იწვევდა ინტერესს და ბევრს აფიქრებდა, თითქოს ეს სასცენო ფსევდონიმი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან თურქეთში გააგრძელა მოღვაწეობა. თუმცა ეს მისი ნამდვილი გვარია.

თურქეთში გადასვლის შემდეგ ნანუკასთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ენის ბარიერი იქცა. თავდაპირველად ის მხოლოდ მარტივ, ტურისტულ დონეზე საჭირო სასაუბრო ფრაზებს ფლობდა. თუმცა დროთა განმავლობაში მან შეძლო თურქული ენის შესწავლა იმდენად, რომ მოღვაწეობა თურქეთში გააგრძელა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მსახიობის გამოცდილება არ ჰქონია, მან წარმატებით გაიარა ქასთინგების რთული ეტაპები და მიიღო მთავარი როლი თურქულ სერიალში „სხვისი შვილი“. ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უცხოელი მსახიობებისთვის თურქულ სატელევიზიო ინდუსტრიაში მთავარი როლის მიღება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

ნანუკა გამოირჩევა პრინციპული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებით. იგი ხშირად იყენებს დავით აღმაშენებლის ცნობილ ფრაზას — „ჩახერგეთ უკან დასახევი გზები“, რაც მისთვის ნიშნავს ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების ბოლომდე გატარებას. მისი თქმით, ის იშვიათად იღებს სპონტანურ გადაწყვეტილებებს და არჩევანის გაკეთების შემდეგ უკან აღარ ბრუნდება.

მისი აზრით, წარმატებას სჭირდება სირთულეების გადალახვა და მუდმივი შრომა, რაც მან საკუთარი გამოცდილებით შეძლო. ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ მისით ოჯახს ეამაყა — და მისი თქმით, ეს სურვილი მის ქვეცნობიერში მუდმივად მოქმედებდა, როგორც მოტივაცია.

მას ჰყავს ოჯახი,მეუღლე და ერთი შვილი.მისი მეუღლე ლაშა მგელაძე ეკონომისტია, მერიაში მუშაობს. ახლა ქონების მართვის განყოფილების უფროსია.
“16 წლის ვიყავი ჩემი მეუღლე რომ გავიცანი. უნივერსიტეტის ანსამბლიდან გასტროლზე, კაბადოკიაში მივდიოდით. ჩემი მეუღლის მამა იყო უნივერსიტეტის რექტორი და გასტროლზე გამოგვაყოლა მისი შვილი. იქ გავიცანი ლაშა მგელაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება. ყველასგან განსხვავებული. ამბობს ნანუკა ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტთან საუბრისას.