ევროკავშირი ამკაცრებს ბრძოლას მიგრანტების კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ
ევროკომისიამ წარადგინა ახალი სანქციების ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს მიგრანტების კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას. ინიციატივის მიხედვით, სანქციები შეეხება იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი არიან მიგრანტების უკანონო გადაყვანასა და ორგანიზებული დანაშაულის სხვა ფორმებში. შემოთავაზებული მექანიზმი ითვალისწინებს დამნაშავეთა აქტივების გაყინვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის აკრძალვას და მათ წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომების გამოყენებას. ევროკომისიის შეფასებით, ეს ხელს შეუშლის კრიმინალური ქსელების ფინანსურ საქმიანობას და შეამცირებს უკანონო მიგრაციის მასშტაბებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის საერთო მიზანია ადამიანებით მოვაჭრეებისა და მიგრანტების კონტრაბანდისტების საქმიანობის დასრულება და იმ ადამიანების სიცოცხლის დაცვა, რომლებიც უკეთესი ცხოვრების ძიებაში სახიფათო მარშრუტებს ირჩევენ.
„ჩვენ ყველას საერთო მიზანი გვაქვს — დავასრულოთ მიგრანტების კონტრაბანდისტებისა და ადამიანებით მოვაჭრეების საქმიანობა და გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე, რომლებიც უკეთესი ცხოვრების იმედით სახიფათო გზას ადგანან. ევროპამ თავად უნდა განსაზღვროს, ვინ შემოვა ჩვენს ტერიტორიაზე და რა პირობებით.“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ინიციატივა ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ევროპის საბჭოში ერთხმად დაუჭერენ მხარს.
ეს წინადადება ევროკავშირში მიგრაციის პოლიტიკის გარშემო მიმდინარე აქტიური დისკუსიების ფონზე გაჩნდა. გასულ თვეში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა მიგრაციის რეფორმას, რომელიც დეპორტაციის პროცედურების გამარტივებასა და გარკვეულ შემთხვევებში ევროკავშირის ფარგლებს გარეთ განთავსებული დაკავების ცენტრების გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
რეფორმას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები აუცილებელია ევროკავშირის გარე საზღვრების უკეთ დასაცავად და არალეგალური მიგრაციის შესამცირებლად, ხოლო კრიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი მიდგომა შესაძლოა თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვის სტანდარტებს დააზიანოს.
თუ სანქციების ახალი ჩარჩო საბოლოოდ დამტკიცდება, ევროკავშირი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს მიგრანტების კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც, ევროკომისიის განცხადებით, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული მიზნების მიღწევას ემსახურება.