N A R R A T I V E SGEAutographs...
საგანმანათლებლო

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში ჯემალ გაბულდანის სახელობის საჯარო სკოლა სრული რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა.

ახლად განახლებული სასწავლო დაწესებულება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა გახსნა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ლაბორატორიები და გარე სპორტული მოედანი.

სკოლის შენობაში დამონტაჟებულია გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რაც მათთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომ სასწავლო გარემოს უზრუნველყოფს.

სკოლის სრული რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდი-ს მიერ განხორციელდა. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 2 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს.

განახლებული სკოლის გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონში თანამედროვე და ხარისხიანი საგანმანათლებლო გარემოს განვითარების მიმართულებით.