თბილისში პირველად - პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, თბილისში პირველად გაიმართა პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი.
საღამო საქართველოს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგა, სადაც ორკესტრთან ერთად ცნობილი ჩელისტი მაჩეი კულაკოვსკი წარდგა. კონცერტის პროგრამაში შედიოდა ანტონინ დვორჟაკი-ს კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის სი მინორში (თხზ. 104) და პეტრე ჩაიკოვსკი-ს სიმფონია №6 „პათეტიკური“ (თხზ. 74).
კონცერტს ხელმძღვანელობდა ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ასევე თამარ ბაგრატიონი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში თბილისის მასპინძლობა პოლონეთის ერთ-ერთი გამორჩეული სიმფონიური ორკესტრისთვის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა. მისი თქმით, განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევს ის ფაქტი, რომ ორკესტრს ქართველი მაესტრო გოგი ჭიჭინაძე ხელმძღვანელობს. თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, მუსიკოსებსა და ყველა იმ პირს, ვინც ამ მნიშვნელოვანი მუსიკალური საღამოს განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საქართველოში წელს პირველად ტარდება. ფესტივალის მიზანია ქართველი და უცხოელი მუსიკოსების შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია.
ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრი მეორე კონცერტსაც გამართავს, რომელიც 2ივნის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.