31 მაისი – პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, დაღუპული პოლიციელების ხსოვნის პატივსაცემად

1 / 2

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი სპეციალური წოდება — პოლიციის გენერალ-მაიორი მიენიჭა.

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პოლიციელთა თავდადებასა და საზოგადოების წინაშე მათ განსაკუთრებულ როლს.

ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ პოლიციელების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოსა და საზოგადოების სამსახურს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. დამსწრეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომელთა პროფესიონალიზმი, ერთგულება და თავდადება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

პოლიციელის დღე განსაკუთრებული თარიღია სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლებისთვის. ეს დღე არა მხოლოდ მოქმედი პოლიციელების საქმიანობის აღნიშვნას, არამედ იმ გმირების ხსოვნის პატივისცემასაც ემსახურება, რომლებმაც მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ქვეყნის ინტერესების დასაცავად დიდი მსხვერპლი გაიღეს.