ცეკვით გადარჩენილი ქალის იტალიური ცხოვრება


ფიქრია კუჭუხიძის ემიგრაციის ისტორია იტალიის ქალაქ ბარიში — ,,თავს სრულიად დაკარგულად და გაუცხოებულად გრძნობ. თითქოს საკუთარ თავსაც კი შორდები,ყველაფერი თავიდან უნდა ისწავლო და ნელ-ნელა შეეგუო იმ რეალობას, რომელიც სრულიად უცხოა შენთვის."
მოგვიყევით თქვენი ემიგრაციის შესახებ,როგორია ცხოვრება უცხოეთის ცის ქვეშ?
ამჟამად ვცხოვრობ იტალიაში, ქალაქ ბარიში,ემიგრაციაში 2009 წლის 5 მარტს წამოვედი. ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს, რადგან სრულიად შეიცვალა ჩემი ცხოვრება.ემიგრაციის გზა იტალიამდე თურქეთში, ანტალიაში დაიწყო. თურქეთში ცხოვრება ჩემთვის ძალიან რთული და მიუღებელი აღმოჩნდა, ამიტომ საქართველოში დავბრუნდი. დაბრუნების შემდეგ გარკვეული პერიოდი მონასტერში გავატარე, რადგან ეკლესია და სულიერი ცხოვრება ბავშვობიდანვე ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
რწმენა თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა…
დიახ, რწმენა ოჯახიდან მოდის. მყავდა ძალიან მორწმუნე ბებო, რომელმაც ეკლესიის სიყვარულს ბავშვობიდანვე მაზიარა. 1989 წლიდან აბაშაში, სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის პირველი მრევლი ვიყავი. ეს იყო დრო, როდესაც ეკლესია და საზოგადოება კვლავ დაუახლოვდა ერთმანეთს.
ჩემი პირველი მოძღვარი მამა მარკოზ ბულუხია იყო, რომელიც დღემდე ჩემი სულიერი მამაა. სწორედ მას ჩავაბარე პირველი აღსარება და მისგან მივიღე უდიდესი სულიერი მხარდაჭერა ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი მამის დაკარგვა იყო…
1991 წლის ომის დროს მამა დავკარგე. მაშინ ბათუმში ვსწავლობდი. მიუხედავად უდიდესი ტკივილისა, სცენა და ცეკვა ჩემთვის გადარჩენის გზა გახდა. ხშირად მეკითხებოდნენ, როგორ შევძელი სცენაზე დგომა მაშინ, როცა მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა, მაგრამ სწორედ ხელოვნება მაძლევდა ძალას, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა.საკუთარ თავს ცეკვით გადარჩენილს ვეძახი.
ხშირად ახსენებთ მონასტერსა და სასულიერო პირებს. რას ნიშნავს ეს ურთიერთობები თქვენთვის?
თავისუფალ დროს ხშირად ვსტუმრობდი ვანისა და ბაღდათის მთავარ ეპისკოპოსს.(მეუფე ანტონი ბულუხია - იგივე მამა მარკოზ ბულუხია,) ამ მონასტერში მსახურობდნენ მამა ზაბულონი და დედა სოსანა — ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოჯახთან ძალიან ახლოს იყვნენ.
მათი შვილი, დედა ნინო, დღესაც ბაღდათის დედათა მონასტრის იღუმენიაა.
მამა ზაბულონი და დედა სოსანა მონასტერში მას შემდეგ წავიდნენ, რაც მათი ერთადერთი ვაჟი, კიაზო ნოდია, ტრაგიკულად დაიღუპა — ქორწილში გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
ამ უდიდესი ტკივილის მიუხედავად, მათ მკვლელს უხმოდ აპატიეს და მონასტერში აღიკვეცნენ. ეს ჩემთვის ქრისტიანული სიყვარულისა და მიტევების უდიდესი მაგალითია.
მამა ზაბულონი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი ადამიანი იყო — ჩემი პირველი კლასის ფოტო სწორედ მას აქვს გადაღებული.მონასტერთან და სასულიერო პირებთან ჩემი კავშირი განსაკუთრებულია…
იტალიაში რომელ ეკლესიაში დადიხართ და ვისთან გაქვთ სულიერი კავშირი?
ამჟამად ვცხოვრობ ქალაქ ბარიში და ვარ მამა მოსეს მრევლში.ქართული სამრევლო არის ჩემი სულიერი საყრდენი უცხო ქვეყანაში. აქ ვპოულობ იმ სიმშვიდეს და შინაგან ძალას, რაც ემიგრაციაში ძალიან საჭიროა.

ჩემთვის ეკლესია ყოველთვის იყო და არის ადგილი, სადაც ადამიანი საკუთარ თავს უბრუნდება — განსაკუთრებით ემიგრაციაში, როცა მონატრება და სიშორე ყოველდღიურობის ნაწილია.
რა იყო ემიგრაციაში წამოსვლის ძირითადი მიზეზი?
ძირითადი მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობა იყო. ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა ოჯახზე.17 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა და მაშინვე ჩემს თავზე ავიღე ოჯახის რჩენის ტვირთი. სწორედ ამან შეცვალა ჩემი ცხოვრების გზა.ძალიან ვეცადე საქართველოში სამსახური მეპოვა. მახსოვს ბოლოს თავი ისე დავიმდაბლე, დამლაგებლობაც არ ვითაკილე მაგრამ ამ პოზიციაზეც კი გამიჭირდა სამსახურის შოვნა.პერიფერიიდან წამოსულ ადამიანს დედაქალაქი მარტივად არ მიგიღებს, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
ემიგრაციაში რა არის ყველაზე რთული?
ემიგრაცია მხოლოდ უცხო ქვეყანაში ცხოვრება არ არის — ეს მონატრებაა, საკუთარ თავთან ბრძოლაა და მუდმივი პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე. თუმცა, როცა შენს უკან ოჯახი, რწმენა და სიყვარული დგას, ადამიანი ყველაზე რთულ გზასაც უძლებს.ემიგრაციის დასაწყისი ძალიან მძიმე იყო. იღვიძებ და ხვდები, რომ საკუთარ სახლში აღარ ხარ — ყველაფერი უცხოა: გარემო, ადამიანები, ენა, ყოველდღიურობა.ენის ბარიერი ძალიან რთული იყო, და საერთოდ უცხო სამყაროსთან შეგუება მიწევდა. წინასწარ წარმოდგენაც არ მქონდა, რა რეალობა დამხვდებოდა.
როგორ გაიხსენებდით პირველ სამსახურს,რთული იყო?
ვმუშაობდი 24-საათიან სამსახურში. ძალიან რთული პერიოდი იყო — დახურულ სივრცეში გაჩერება მიჭირდა და ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობა მქონდა.მახსოვს, თითქოს პატარა მიზეზებს ვეძებდი — სახლიდან რომ ცოტახნით მაინც გამოვსულიყავი და სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა. ვპოულობდი თითქოს არაფრისმომცემ, გადასაყრელ ნივთებს, მხოლოდ იმისთვის, რომ იმ ჩაკეტილი სივრციდან რამდენიმე წუთით მაინც გავქცეულიყავი გარეთ… სადაც ჰაერი მაინც იყო ჩემი.უთქმელი სიტყვები მახრჩობდა, მონატრება გულზე მძიმე ტვირთად მაწვებოდა, ყოველდღიურობის რეალური სირთულეები კი თითქოს კიდევ უფრო და უფრო მექაჩებოდნენ უკან. გავიხსენებ ემიგრანტობის პირველ საწყის პერიოდს,თავს დაკარგულად და მარტოსულად ვგრძნობდი.
წვიმაში ცეკვავდით?
დიახ.წვიმდა,მე კი ზღვის სანაპიროზე გავედი და ცეკვა დავიწყე.მინდოდა ერთი წამით მაინც დავბრუნებულიყავი იმ ფიქრია კუჭუხიძედ, ვინც ოდესღაც ბედნიერებას ცეკვაში პოულობდა და არა ტკივილების გადატანაში. ცრემლებს წვიმაში ვმალავდი — თითქოს ცა და ზღვა ერთად მფარავდა და ჩემს განცდებსაც შთანთქავდა.რთული პერიოდი გავიარე...მაგრამ გთხოვთ,მინდა დავტოვო ჩემი ცხოვრების კულისებში.
რატომ აირჩიეთ იტალია და კონკრეტულად ბარი?
ბარი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო.აქ წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები განისვენებს. ბავშვობიდან განსაკუთრებული კავშირი მქონდა ამ ქალაქთან და ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი აქ.
ოჯახზე რას გვეტყვით?
ჩემი ოჯახი ჩემი მთავარი ძალაა. მყავს დები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ქართულ ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებენ. განსაკუთრებით ვამაყობ დედით — 79 წლისაა, 11 სექტემბერს 80 წლის ხდება და მიუხედავად ასაკისა, ყოველ კვირას თავად მიდის ეკლესიაში. მისი რწმენა და სიმტკიცე ჩემთვის უდიდესი მაგალითია.უფროსი და — ვერიკო ჩაჩავა ექიმია, მისი მეუღლე კი მოსამართლე. მათ რვა შვილი ჰყავთ და ყველა დიდი სიყვარულითა და ტრადიციების პატივისცემით იზრდება.ჩემი მეორე და გახლავთ შორენა, რომელიც ჩოხოსანთა ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული და დიდი შრომა აქვს გაწეული ამ მიმართულებით. ის იყო ერთ-ერთი, ვინც ამ საქმეს ჩაუყარა საფუძველი და დღემდე აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. რაც შეეხება მესამე დას,მირანდა ამჟამად უმუშევარია.

მითხარით, რომ ცეკვა თქვენთვის ყველაფერია...
ქორეოგრაფი ვარ.ვცეკვავდი ქალაქ აბაშის კულტურის სახლში, აბაშის რაიონის ქორეოგრაფიულ საბავშვო ანსამბლში „ქილორი“- ში, შემდეგ კი ანსამბლ „ჰარირა"- ში“. ეს იყო ბავშვობის ულამაზესი წლები — ცეკვა არის ჩემთვის თვითგადარჩენა.
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრეთ?
დიახ,დავამთავრე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი - ქორეოგრაფიისა და ბიბლიოთეკათმცოდნეობის ფაკულტეტი.მთელი ჩემი ცხოვრება სცენასთან იყო დაკავშირებული.
რთული არ იყო საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება?
ემიგრაციაში წამოსვლისას ყველაზე რთული სწორედ ეს იყო. მითხრეს, რომ მხოლოდ პატარა ხელჩანთა უნდა მქონოდა. ვერაფრით ვატევდი ყველაფერს — საყვარელ ნივთებს, მოგონებებს… ძალიან მიჭირდა ამ აზრთან შეგუება.
ბოლოს ყველაფერი დავთმე და ჩანთაში მხოლოდ ცეკვის ჩუსტები ჩავდე. 90 - იანების საგანძური.
წლების შემდეგ, 2026 წლის 25 აპრილს, სიცილიაში გამართულ ხელოვნების ფესტივალზე სწორედ ამ ჩუსტებით ვიცეკვე.
თან წამოვიღე ოთხი ნაწნავი, რომელიც ძველი, გაცვეთილი კოლგოტებისგან მქონდა გაკეთებული. მე მათ „90-იანი წლების ლამაზ მოგონებებს“ ვუწოდებ — საქართველოს ნაწილი, რომელიც ჩემთან ერთად წამოვიღე.

ეს იყო ყველაზე ძვირფასი საგანძური ჩემთვის. ეს იყო ჩემი ყველაზე მტკივნეული, მაგრამ გაცნობიერებული გადაწყვეტილება.
რა არის ოცნება, რომელიც დღემდე დაგრჩათ აუხდენელი?
დღემდე მწყდება გული ჩემს აუხდენელ ოცნებებზე. მინდოდა ფილოლოგი გამოვსულიყავი, დიქტორობა მინდოდა, ჟურნალისტობა — ეს იყო ჩემი ოცნების პროფესია.
ეს ის სფეროებია, სადაც მე ჩემს თავს ვხედავდი, მაგრამ ცხოვრებამ სხვა გზით წამიყვანა. ვერ განვახორციელე ეს ყველაფერი ისე, როგორც მინდოდა. დიდ სცენაზე ცეკვაც ვერ მოვასწარი იმ ფორმით, როგორც ვოცნებობდი, როცა რთულ ცხოვრებას გადიხარ, არჩევანი ხშირად რეალობისკენ გადადის და არა ოცნებისკენ.
ყველას ჰყავდა თავისი მხარდაჭერი გვერდით, მე კი 17 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. მაშინ ჩემს თავზე ავიღე ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობა. ძალიან ადრე დავდექი იმ რეალობის წინაშე, სადაც ბავშვობის და ახალგაზრდობის ბევრი ოცნება უბრალოდ გადაიდო.
მაგრამ მიუხედავად ამისა, დღემდე ჩემში ცოცხლობს ის პატარა გოგო, რომელსაც სჯერა ოცნებების ასრულების.
დღეს როგორია თქვენი ცხოვრება და საქმიანობა?
დღესაც აქტიურად ვარ ჩართული კულტურულ საქმიანობაში იტალიაში. ვეხმარები ქართველ ემიგრანტებს, ვმუშაობ კულტურის მიმართულებით და ვცდილობ ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას და მხარდაჭერას.ემიგრაციამ ბევრი რამ მასწავლა. მიუხედავად სირთულეებისა, დღეს ზუსტად ვიცი — ამ გზამ გამაძლიერა და ის ადამიანი შემქმნა, ვინც დღეს ვარ.
ისევ კულტურულ საქმიანობას ეწევით...
იტალიაში ჩასვლის შემდეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ხელოვნება არ დამეკარგა. 2010 წლის საშობაო დღესასწაულზე ქალაქ ბარიში პირველი კონცერტი ჩავატარე. მაშინ დიდი მხარდაჭერა მქონდა ქართულ-იტალიური ასოციაციისგან რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი - Angelo Ginore.
მახსოვს, როგორ დავდიოდი ბარის ცნობილ პიაცა უმბერტოში — იმ ადგილას, სადაც თავისუფალ დღეებში ქართველები იკრიბებიან — და სრულიად უცხო ადამიანებს ვეკითხებოდი:
„ვინმე ხართ მოცეკვავე? ვინმე ხართ მომღერალი?“
სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, შევკრიბე ჩემ გარშემო ნიჭიერი ადამიანები და უცხო ქვეყანაში პატარა ქართული კულტურული სივრცე შევქმენით.
თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
თავისუფალ დროს იოგას ვუთმობ და პარალელურად მართვის მოწმობის ასაღებად ვემზადები.
ფიქრობთ გაამართლა ემიგრაციამ?ეს იყო თქვენი მიზანი?
დიახ,აწ უკვე იტალიის მოქალაქე ვარ.მაქვს ტურისტული კომპანია,,ფიქრია ტური"სულ სხვა იტალიას გაზიარებთ ჩვენი კომპანია, ერთი ადამიანისთვისაც კი მაქსიმალურად ვიხარჯები...
ვწერ წიგნს ,,გაქცევით გადარჩენილი" - ჩემს ცხოვრებაზე და ემიგრაციის წლებზეა.
დღეს ჩემი მთავარი მიზანი ნიჭიერი ემიგრანტების პოვნა და მათი მხარდაჭერაა. ვმუშაობ კულტურულ და საზოგადოებრივ პროექტებზე, ვეხმარები ადამიანებს საკუთარი შემოქმედებითი გზის პოვნაში და აქტიურად ვარ ჩართული ქართულ კულტურულ ცხოვრებაში იტალიაში.
მიუხადავად ენის ბარიერისა და ბევრი სირთულისა თქვენ შეძელით იტალიაში გეთქვათ თქვენი სათქმელი...
,,დარაბებს მიღმა გაზაფხულიაო" - ხომ გსმენიათ არა? მეც ასევე, გოლგოთის გზის გავლის შემდეგ ვიპოვე ჩემი გაზაფხული… ეს არ იყო მარტივი გზა - იყო ტკივილი, მონატრება, ბრძოლა.
მაგრამ ღირდა...გავხდი პროპკავშირული გაერთიანება ,,Sindacato CISL"სრულუფლებიანი წევრი,მოგეხსენებათ იტალიაში სამია ასეთი მაშტაბური ორგანიზაცია(CGIL — Confederazione Generale Italiana del Lavoro;CISL — Confederazione Italiana Sindacati Lavoratori;UIL — Unione Italiana del Lavoro),რომლებიც მუშაკთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ.და ერთერთის წარმომადგენელი გახლავართ მე.
ამასთან ერთად, ვარ მსოფლიო საემიგრაციო ორგანიზაციის ANOLF-ის ქართველი ოპერატორი, საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იტალიაში, ასევე არაერთი კულტურული და საზოგადოებრივი პროექტის მონაწილე და ორგანიზატორი.კულტურული ასოციაციის „ხელოვნების გზა“ პრეზიდენტი, კავალერი Roberto Guccione - სთან ვთანამშრომლობ, ,,Associazione Culturale La Via dell’Arte"-ში, ასევე ვარ საქართველოს თავისუფალი თეატრის ფილიალის, საბავშვო საყმაწვილო სტუდიის "პატარა კომენდიატელები"-ს ხელმძღვანელი,ძმები ორაგველიძეების საავტორო გადაცემა " მონატრების ფერების" პროდიუსერი ბარიში, ასევე, კულტურული სამხატვრო ასოციაციის წარმომადგენლობის დელეგატი ვარ 2026წლის 25 აპრილიდან.
რას ეტყოდით მათ, ვისაც ემიგრაციაში წასვლა აქვს გადაწყვეტილი?
ვიქნები ძალიან გულახდილი — ემიგრაცია მარტივი გზა არ არის. ეს არის დიდი შინაგანი გამოცდა. ხშირად ვფიქრობ, ჩემს დებს, რომ ჰქონოდა ის გზა გასავლელი, რაც მე გავიარე, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა ამის მიღება.
ემიგრაციაში ყოფნა ნიშნავს ძლიერ ფსიქიკას, გამძლეობას და საკუთარ თავთან მუდმივ ბრძოლას. აქ ყველაფერი უცხოა და ადაპტაცია დიდ ძალას მოითხოვს.
ამიტომ ვეტყოდი ყველას — სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად გააცნობიერეთ რა გზას ირჩევთ. ეს გზა რთულია, მაგრამ თუ ადამიანი მზად არის, შეუძლია გადალახოს ყველა დაბრკოლება.
და ბოლოს, რას გვიზიარებთ ექსკლუზიურად Narratives.ge-ის მკითხველს?
ვმუშაობ ხელოვნების მიმართულებით ქართული ასოციაციისა და კულტურის სახლის შექმნაზე იტალიაში. ეს იქნება სივრცე, სადაც გაერთიანდება ქართული კულტურა, ხელოვნება და ემიგრანტების შემოქმედება.
ჩემი ხედვით, ეს პროექტი იქნება პირველი მსგავსი ფორმატის ასოციაცია მსოფლიო კულტურულ ასოციაციებს შორის, სადაც ქართული სული და კულტურული მემკვიდრეობა საერთაშორისო სივრცეში წარსდგება და განვითარდება.
პირველად ვამბობ, თქვენთან რომ იტალიაში ქართული კულტურის სახლი იარსებებს ,,ერთი ადამიანის თეატრი"- ეს იქნება სივრცე, სადაც ხელოვნება, ემიგრანტები და ქართული კულტურა გაერთიანდება.აქვე მინდა გაგიზიართ,რომ ბატონ ავთო ვარსიმაშვილმა მაჩუქა პიესა ,,იავნანამ რა ჰქნა"რომლის თარგმნაც დავიწყე იტალიურ ენაზე.სამომავლოდ ვფიქრობ,თეატრის დიდ სცენაზეც გავაცოცხლო ეს ქართული კლასიკური ნაწარმოები. ჩემთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი პროექტია.
მადლობა თქვენ ასეთი გულახდილი და
ემოციური ინტერვიუსთვის.გისურვებთ წარმატებებს!