ნოტრ-დამის მოედნის ქვეშ არქეოლოგებმა პარიზის თითქმის 2000-წლიანი ისტორია აღმოაჩინეს
პარიზში, ნოტრ-დამის ტაძრის წინ მიმდინარე გათხრების დროს, არქეოლოგებმა რომაული ეპოქისა და შუა საუკუნეების უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს.აღმოჩენილ ნივთებს შორისაა კერამიკული ჭურჭელი, დოქები, თასები და IV საუკუნის მონეტა რომის იმპერატორ კონსტანტინეს გამოსახულებით.არქეოლოგების თქმით, ზოგიერთი ნივთი საუკუნეების განმავლობაში თითქმის ხელუხლებლადაა შემონახული, რაც იშვიათი მოვლენაა.
გათხრები ნოტრ-დამის მოედნის განახლების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. პარიზის მერია 2028 წლისთვის ტერიტორიის გამწვანებას, 160-მდე ხის დარგვასა და უფრო კომფორტული საჯარო სივრცის შექმნას გეგმავს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კვლევების გაგრძელებისას პარიზის კიდევ უფრო ძველი ისტორიული ფენების აღმოჩენასაც შეძლებენ.
პარიზში, ნოტრ-დამის ტაძრის წინ მიმდინარე მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს, არქეოლოგებმა რომაული ეპოქისა და შუა საუკუნეების უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს. გათხრები იმ პროექტის ნაწილია, რომლის მიზანიც 2028 წლისთვის ტაძრის მიმდებარე მოედნის გამწვანება და კლიმატის ცვლილებებთან უკეთ ადაპტირებული საჯარო სივრცის შექმნაა.
მუშაობა ოთხი მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. სპეციალისტებმა უკვე გამოავლინეს ისტორიის რამდენიმე ფენა, რომლებიც თითქმის 2000 წლიან პერიოდს მოიცავს — შუა საუკუნეების პარიზიდან რომაული ეპოქის ლუტეციამდე, როგორც მაშინ ეწოდებოდა დღევანდელ პარიზს.
აღმოჩენილ ნივთებს შორის არის კერამიკული ჭურჭელი, დოქები, თასები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია IV საუკუნის მონეტამ, რომელზეც რომის იმპერატორ კონსტანტინეს გამოსახულებაა დატანილი. მეცნიერების შეფასებით, ეს აღმოჩენა ისტორიული ფენების დათარიღებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
არქეოლოგმა ვალენტინ ბრელუმ აღნიშნა, რომ სრულად შემონახული კერამიკის აღმოჩენა იშვიათი შემთხვევაა. მისი თქმით, ნოტრ-დამის მოედნის ქვეშ არსებულმა ნიადაგმა და ნარჩენების ფენებმა ზოგიერთი ნივთის განსაკუთრებულად კარგ მდგომარეობაში შენახვა უზრუნველყო.
პროექტში ჩართული კონსერვატორის, ლუსი ალტენბურგის შეფასებით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც პარიზის ისტორიის უკეთ შესწავლას და ახალი დეტალების აღმოჩენას შეუწყობს ხელს.
პარიზის ხელისუფლება გეგმავს, რომ განახლებული მოედანი 2028 წლისთვის უფრო მწვანე და კომფორტული გახდეს. პროექტი დაახლოებით 160 ხის დარგვას, ჩრდილის ზონების მოწყობასა და ზაფხულის სიცხის შემცირების მიზნით სპეციალური გამაგრილებელი ელემენტების შექმნას ითვალისწინებს.
არქეოლოგები კვლევებს აგრძელებენ და იმედოვნებენ, რომ კიდევ უფრო ღრმა ფენებში შეძლებენ გალების — პარიზის რეგიონის უძველესი მოსახლეობის — კვალის აღმოჩენას.