პატარა ბალერინა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე
10 წლის ბალერინა მარიამ დათაშვილი სახელმწიფო დაფინანსებით, ბალეტის პირველ კლასში სწავლობს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელ-ში.
კლასიკური ბალეტის ხელოვნებას 5 წლიდან ეუფლება და ადრეული ასაკიდანვე აქტიურად არის ჩართული სასცენო საქმიანობაში.მარიამი მონაწილეობს ოპერის თეატრის სპექტაკლებში და ასევე გამოდის გრიბოედოვის თეატრის წარმოდგენებში.
პედაგოგების შეფასებით, მარიამი გამოირჩევა მაღალი არტისტიზმით და ემოციური შესრულებით. ისინი აღნიშნავენ, რომ მარიამი მარტივად შედის როლში და ყოველთვის ცდილობს მაყურებელს მაქსიმალურად შთამბეჭდავი შესრულება შესთავაზოს.
პატარა ბალერინის ყოველდღიურობა მოიცავს ინტენსიურ ვარჯიშს, რეპეტიციებსა და სასკოლო პროცესს, რაც სრულად არის მიმართული საბალეტო განვითარებისკენ.
ბლიც ინტერვიუ 10 წლის მარიკოსთან , თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარეპეტიციო დარბაზიდან:
როგორ გააცნობდი საკუთარ თავს მკითხველს?
ვსწავლობ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში. პარალელურად ვარ მარიამ უგრეხელიძის კამერული დასის წევრი. ასევე ვეუფლებოდი ფორტეპიანოს ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, თუმცა ამ წელს აკადემიურის აღება მომიხდა. მომავალში დიდი სურვილი მაქვს სწავლა გავაგრძელო და ისევ დავუბრუნდე მუსიკას.


რა გახდა ამის მიზეზი?
სწავლის, ცეკვისა და რეპეტიციების პარალელურად დროისა და ენერგიის სწორად გადანაწილება საკმაოდ რთულია და დიდ დისციპლინას მოითხოვს. მოგეხსენებათ, ოცნების ასრულება მარტივი არ არის — ამისთვის საჭიროა მაქსიმალური მონდომება და სრული კონცენტრაცია. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დროებით ამეღო აკადემიური და მთელი ყურადღება ბალეტსა და სცენურ საქმიანობაზე გადამეტანა.
თავისუფალი დრო გრჩება?
საყვარელი საქმის კეთებით არ ვარ შეზღუდული. ზოგჯერ მწყინს, როცა მეკითხებიან — არ იღლები ამდენი ცეკვითო? მაგრამ არა, არ ვიღლები. როგორ შეიძლება დაიღალო იმით, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს. ჩემთვის დიდი პატივია სცენაზე დგომა წამყვან სოლისტებთან ერთად — ეს შესაძლებლობა ყველას არ ეძლევა. ამაყი ვარ, რომ მაქვს შანსი ვიყო იმ სივრცეში, სადაც ქართული ბალეტის აღიარებული პროფესიონალები ქმნიან ხელოვნებას. განსაკუთრებული პატივისცემით და აღფრთოვანებით ვუყურებ ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, რომელიც ჩემთვის ქართული ბალეტის ცოცხალი ლეგენდა და უდიდესი შთაგონებაა.
რა არის ყველაზე რთული და ყველაზე სასიამოვნო ბალეტის სწავლაში?
ბალეტის სწავლაში ყველაზე რთული არის ყოველდღიური ვარჯიში და დისციპლინა - ყოველთვის უნდა იყო კონცენტრირებული,ზუსტად შეასრულო მოძრაობები და არ დაიღალო მაშინაც კი, როცა რთულია. ამასთან ერთად საჭიროა ფორმაში ყოფნა, ბალანსის შენარჩუნება და ჯანსაღი კვება.სიმართლე გითხრათ გურმანი ბალერინა ვარ და მიფიქრია ,,პოდკასტები" ხომ არ ჩამეწერა გემრიელად ჭამაზე - ეს ისე, ხუმრობით. (იცინის)
რაც შეეხება კითხვას, თუ რა არის ყველაზე სასიამოვნო ბალეტში — ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მუშაობის პროცესი, ცეკვა და საბოლოო შედეგი. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, რომ ჩემი ცეკვა მაყურებლის გულამდე მივიდა. ეს ძალიან ემოციური და ამაღელვებელი შეგრძნებაა.

რომელი სპექტაკლი დაგამახსოვრდა განსაკუთრებულად?
ჩემი პირველი სპექტაკლი იყო „მაკნატუნა“, რომელიც გრიბოედოვის თეატრში გაიმართა მარიამ უგრეხელიძის კამერულ დასთან ერთად. ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული და ძალიან ემოციური იყო, რადგან პირველად ვიგრძენი ნამდვილი სცენის მაგია, მაყურებლის ემოცია და ის პასუხისმგებლობა, რასაც სცენაზე გამოსვლა ჰქვია.
გყავს საყვარელი ბალერინა?
რა თქმა უნდა. ძალიან მიყვარს მარიამ უგრეხელიძე. ჩემთვის ის ძალიან ნიჭიერი და შთამაგონებელია. მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ — როგორც სცენაზე ქცევას, ისე შრომასა და დისციპლინას.
ბალეტის გარდა კიდევ რა გაინტერესებს ყველაზე მეტად?
ძალიან მიყვარს ცხენით ჯირითი, რადგან ეს თავისუფლებისა და სიმშვიდის განსაკუთრებულ შეგრძნებას მანიჭებს. დროის ასე გატარება მაძლევს ენერგიას და მეხმარება, ცოტა დავისვენო დატვირთული დღის შემდეგ. ასევე ძალიან მიყვარს თიხის ძერწვა — სახლში მაქვს სპეციალური აპარატიც და ხშირად ვაკეთებ სხვადასხვა ფორმებსა და ფიგურებს. ეს ჩემთვის ერთგვარი დასვენებაა, სადაც შემიძლია ფანტაზია და ემოციები სხვანაირად გამოვხატო.
ფიქრობ რომ იღბლიანი ხარ?
დიახ,ძალიან.მიყვარს ჩემი ცხოვრება.
და როგორი ცხოვრება აქვს 10 წლის ბალერინას?
ძალიან ფერადი და საინტერესოა. თითქმის ყოველი დღე განსხვავებულია — დილით სწავლა, მერე რეპეტიციები, სცენა, მუსიკა და ბევრი ემოცია. ხანდახან ვიღლები, მაგრამ როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ეს დაღლაც გაბედნიერებს. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ჯადოსნური მომენტია — სპექტაკლები, კოსტიუმები, მუსიკა და ადამიანები, რომლებიც მუდამ მამხნევებენ.
ვინ არის შენი ყველაზე დიდი მხარდამჭერი?
დედიკო, ჯადოსნური ჯოხი აქვს... (იცინის) — მგონია, რომ მას ყველაფერი შეუძლია. ყოველთვის ჩემს გვერდითაა, მამხნევებს, მეხმარება და ჩემთან ერთად იზიარებს ყველა ჩემს წარმატებას.
რას ურჩევდი შენს თანატოლებს?
ყველაზე მთავარი არის, აკეთო ის, რაც მართლა გიყვარს და არასოდეს დანებდე. ოცნებების ასრულებას დრო, შრომა და მოთმინება სჭირდება. თუ რაღაც გულით გინდა, აუცილებლად უნდა იშრომო და საკუთარი თავის გჯეროდეს.შენ ამას შეძლებ!

