ოჯახის სიწმინდის დღე — პირველი 17 მაისი ილია II-ის შემდეგ
2026 წლის 17 მაისი საქართველოსთვის განსაკუთრებული ემოციური და ისტორიული შინაარსის მატარებელია.ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე პირველად აღინიშნება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარეშე — იმ პატრიარქის გარეშე, რომლის სახელთანაც ეს დღე წლების განმავლობაში განუყოფლად იყო დაკავშირებული.
სწორედ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა 17 მაისი, როგორც ოჯახის სიმტკიცის, ტრადიციული ღირებულებების, მშობლების პატივისცემისა და ეროვნული ერთიანობის დღე. მისი მრავალწლიანი მსახურების განმავლობაში 17 მაისი მილიონობით ქართველისთვის იქცა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ სულიერი და ეროვნული მნიშვნელობის დღედ.
2026 წელი ამ დღის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშნულით შევა — საქართველო პირველად ხვდება 17 მაისს ახლადარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის პატრიარქობის პერიოდში.
საზოგადოებისთვის დღევანდელი დღე 17 მაისი მხოლოდ თარიღი არ არის. ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებული მადლიერებით იხსენებენ ილია II-ის ღვაწლს — პატრიარქს, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მრავალი თაობისთვის იქცა სულიერ მამად.
მისი არყოფნის მიუხედავად, საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ამ დღეს განსაკუთრებით მძაფრად გრძნობს მის სულიერ სიახლოვეს.
ახალი პატრიარქის, შიო III-ის წინაშე დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დგას — გააგრძელოს ის სულიერი და ეროვნული მისია, რომელიც მისმა წინამორბედმა შექმნა.